მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, აშშ-ის სანქციები ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, თუმცა მანამდე ფეზეშქიანი ამტკიცებდა, რომ სანქციებს გავლენა ვერ ექნებოდა
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციები ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს. მასუდ ფეზეშქიანმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც თავად ამტკიცებდა, რომ სანქციები ირანზე გავლენას ვერ მოახდენდა.
„ზოგი ამბობს, რომ სანქციებს საერთოდ არანაირი გავლენა არ აქვს. ასეთ ადამიანებს, ნამდვილად არ ვიცი, რა ვუთხრა“, – განაცხადა ფეზეშქიანმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ახლა „ომის მდგომარეობაშია“ და მოსახლეობა შექმნილ ვითარებას უნდა შეეგუოს.
„ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ და ომის პირობები უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.
ფეზეშქიანის განცხადებით, ბოლო თვეებში ირანის ექსპორტი და იმპორტი 25-35%-ით შემცირდა. მისი თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა.
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ, ვაჭრობის შემცირების გათვალისწინებით, ქვეყანაში ბენზინის ფასი უნდა გაიზარდოს. ფეზეშქიანმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა ჰორმუზის სრუტის საკითხზე და განაცხადა, რომ ირანი მზად არის მარშრუტის გახსნაზე შეთანხმებისთვის, თუ აშშ გარკვეულ პირობებს შეასრულებს.
„თუ აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს – მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქციის სანქციებს, გაათავისუფლებს ირანის დაბლოკილ ფინანსურ სახსრებს, დაიწყებს ინვესტიციებს და აიძულებს ისრაელს, შეწყვიტოს მოქმედებები ლიბანში და დაიცვას შეთანხმებული ჩარჩო, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენც გავხსნით ჰორმუზის სრუტის გავლით მარშრუტს იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკას წარმოადგენს“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.