მასუდ ფეზეშქიანი მიიჩნევს, რომ რეგიონში მთავარი საფრთხეები ტერორიზმი, ძალადობრივი ექსტრემიზმი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და კიბერდანაშაულია
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებს ფინანსური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერება შესთავაზა.
ირანის პრეზიდენტმა ბიშკეკის სამიტზე სამი ინიციაიტივა წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური და საბანკო თანამშრომლობის გაღრმავებას, ვაჭრობის და ინვესტიციების მხარდაჭერას და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.
ფეზეშქიანმა გამოკვეთა რეგიონის ძირითადი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები და ხაზი გაუსვა წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას სტაბილურობის განსამტკიცებლად და საერთო მომავლის ფორმირების მიზნით. ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნდობის აღდგენა, ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა, შიდა საქმეებში ჩაურევლობა და მთავრობებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია მდგრადი უსაფრთხოების მისაღწევად, რაც ორგანიზაციის ორ ათწლეულზე მეტი ხნის საქმიანობის გამოცდილებაზეა დაფუძნებული.
ფეზეშქიანმა რეგიონის წინაშე არსებულ საფრთხეებს შორის დაასახელა ტერორიზმი, ძალადობრივი ექსტრემიზმი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და კიბერდანაშაული. მან ასევე მიუთითა გეოპოლიტიკური მეტოქეობის გაძლიერებაზე, ცალმხრივ პოლიტიკაზე და ძალისა და სამხედრო ძალის გამოყენებაზე, როგორც სხვა ფაქტორებზე, რომლებიც შეშფოთებას იწვევს რეგიონის ქვეყნებისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის.
ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებზე საუბრისას ირანის პრეზიდენტმა ქმედებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ აგრესიად შეაფასა.