მასტერლიგის ფინალს კაჭრეთი უმასპინძლებს
მასტერლიგის ფინალს კაჭრეთი უმასპინძლებს

მასტერლიგაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ქალთა ზონალური ჩემპიონატები დასრულდა და ჩემპიონები გაირკვა. მასტერლიგა 7-7-ზე ფეხბურთია, რომელიც ფეხბურთის მასობრიობისა და პოპულარიზაციის მიზნით დაფუძნდა.

აღმოსავლეთ საქართველოს მასტერლიგის ფინალს თბილისმა უმასპინძლა – ხაშურის ქალთა გუნდი „ივერია“ თბილისის „შავ პანტერებს“ დაუპირისპირდა, 5:3 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

დასავლეთ კონფერენციის ფინალი ბათუმში გაიმართა – გამარჯვებული „თერჯოლა“ გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში „ბათუმს“ 2:0 სძლია. მესამე ადგილისთვის მატჩში „ბათუმი“ „შავი პანტერებს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

ფინალი საგარეჯოში, სოფელ კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ სტადიონზე 23 დეკემბერს შედგება და საქართველოს მასტერ ლიგის 2020 წლის გამარჯვებული გაირკვევა ვაჟებშიც და გოგონებშიც. გოგონების ფინალი 15:00 საათზე შედგება, ხოლო ვაჟების – 18:00 საათზე.

საინტერესოა, რომ მასტერლიგის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტურნირის წლევანდელ გათამაშებაში რეკორდული რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა – 30 გოგონების და 623 ვაჟების გუნდი და 15 ათასამდე მოთამაშე.

აღსანიშნავია, რომ 1976 წელს საქართველოში ფეხბურთს 85 ათასამდე პროფესიონალი, მოყვარული და ბავშვი თამაშობდა. 2011 წელს ეს ციფრი კატასტროფულად შემცირდა და 11 ათასამდე ჩამოვიდა, რაც ფეხბურთის კრიზისის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. ბოლო წლებში განხორციელებული მასობრივი ფეხბურთის პროექტების შედეგად, ფეხბურთელთა რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდა. ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მათი მიზანი ამ რაოდენობის 50 ათასამდე გაზრდაა.