ბერლინის „მერსედეს-ბენც არენაში“ გაიხსნა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ვაჟთა შორის.
გახსნით მატჩში გერმანიის ნაკრებმა 30:19 მოუგო სამხრეთ კორეას. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 7 ბურთით, უვე გენსხაიმერი გახდა. 5 ბურთი მან პირველ ტაიმში გაიტანა, რომელიც მასპინძლებმა 17:10 მოიგეს.
ტურნირს, გერმანიასთან ერთად, დანიაც მასპინძლობს. ჩემპიონატის პირველ დღეს, დანიელებმა შავი დღე აყარეს ჩილეს ნაკრებს – 39:16. პირველ ტაიმში სამხრეთ ამერიკელებმა მხოლოდ 4 ბურთის გატანა შეძლეს, საკუთარ კარში კი 22 მიიღეს. ყველაზე მეტი, 7-7 ბურთი, მიკელ ჰანსენმა და კასპერ მორტენსენმა გაიტანეს.
დღეს საწყისი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დანარჩენი 10 მატჩი გაიმართება.