მაშველებმა უშბადან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს
მაშველებმა უშბადან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს

მაშველებმა უშბადან დაშავებული ორი უკრაინელი ტურისტი ჩამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებული ტურისტები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სასაზღვრო პოლიციამ მიიღეს ინფორმაცია, რომ მესტიის მიმდებარედ, ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს, ფერდობზე დაგორდა და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

რთული რელიეფის და დახმარების უმოკლეს დროში აღმოჩენის მიზნით, ადგილზე დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა დაშავებული ტურისტები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ. ექიმების განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.