მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს

17:20, 07.04.2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს.

„მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში დარეკეს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა, თუმცა ნახეს, რომ შველს სხეულზე რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს“, – აცხადებენ უწყებაში.

სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

მსგავსი