მაშველებმა ადიდებული რიონიდან შვიდი ადამიანი უსაფრთხოდ გამოიყვანეს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი შვიდი პირი ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

უწყების ცნობით, მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. ვანის სამაშველო ჯგუფმა და იმერეთის ხანძრის ქრობისა და საავარიო სამაშველო სამუშაოების მართვის განყოფილების თანამშრომლებმა წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, წარმატებით განხორციელებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, განსაცდელში მყოფი შვიდივე პირი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.