მაშველები გურგენიანის ჩანჩქერთან, ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი მოზარდების გამოსაყვანად მუშაობენ 
მაშველები გურგენიანის ჩანჩქერთან, ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი მოზარდების გამოსაყვანად მუშაობენ 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე გურგენიანის ჩანჩქერთან, მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირზე სამი მოზარდია დარჩენილი.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რათა მოზარდები უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანონ.

„გაგზავნილი გვყავს 9-კაციანი მაშველთა ჯგუფი, თოკებით და შესაბამისი ეკიპირების გამოყენებით გადალახავენ ადიდებულ ნინოსხევის წყალს და გამოვიყვანთ ჩარჩენილებს. მათ ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ“, – განუცხადა პირველ არხს სამაშველო სამმართველოს უფროსმა გიორგი ჩარკვიანმა.

მისივე თქმით სამივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ამასთან, ამავე ტერიტორიაზე უამინდობის გამო ჩარჩენილი იყო კიდევ 16 სტუდენტი. ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სტუდენტების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უკვე მოხერხდა.

დატოვე კომენტარი