მასაჩუსეტსის შტატში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქებებს მოზარდი ემსხვერპლა
მასაჩუსეტსის შტატში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქებებს მოზარდი ემსხვერპლა

მასაჩუსეტსის შტატში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეულ აფეთქებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა, – ამის შესახებ NBC News-ი იუწყება.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულება. ექიმების ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ, 13 დაშავებული მიიღეს. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

NBC News-ის ცნობით, დაღუპული 11 წლისაა. მანქანას, რომელშიც მოზარდი იმყოფებოდა, აფეთქების შედეგად გასროლილი მილი დაეცა.

მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ ბოსტონის ჩრდილოეთით მოსაზღვრე სამ ქალაქში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, საცხოვრებელ სახლებში 70 ცალკეული აფეთქება დაფიქსირდა.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების მიზეზი შესაძლოა, კომპანია Columbia Gas-ის გაზსადენის მილის გაუმართაობამ გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ კომპანიაში გაზსადენ მილებზე სამუშაოების დაწყების შესახებ განაცხადეს.

ინციდენტების შემდეგ, ბოსტონის ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქალაქ ლოურენსიდან, ანდოვერიდან და ჩრდილოეთ ანდოვერიდან, რომლებიც ბუნებრივ აირს აღნიშნული კომპანიისგან იღებენ, უსაფრთხოების მიზნით ასობით მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, კომპანიამ ადგილობრივ მოსახლეობას, ხანძრის პროვოცირების თავიდან ასაცილებლად ურჩია ელექტროენერგია და მობილური ტელეფონები არ გამოიყენონ.

ბოსტონის ჩრდილოეთით მომხდარი აფეთქებების ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიებაში FBI-ის აგენტები ჩაერთნენ. შემთხვევის ადგილზე საკუთარი ჯგუფის გაგზავნას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოც.