მარტყოფში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს
მარტყოფში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 2001 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.