მარტყოფის ღვთაების მონასტერში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
მარტყოფის ღვთაების მონასტერში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს – ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.