მართვის მოწმობაზე ქულები წელს 90 პირს გაუნულდა
მართვის მოწმობაზე ქულები წელს 90 პირს გაუნულდა

მიმდინარე წლის 11 დეკემბრის მონაცემებით, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა 90 მძღოლს ამოეწურა, შესაბამისად, მათ მართვის უფლება შეუჩერდათ. 994 108 პირს კი, 100-ვე ქულა შენარჩუნებული აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

მართვის მოწმობას ამ მომენტისთვის ქვეყანაში 1230 689 პირი ფლობს. შესაბამისად, დარიცხული ქულიდან არც ერთი არ ჩამოკლებია მძღოლების დაახლოებით 81 პროცენტს.

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა და სხვადასხვა დარღვევაზე ქულათა გარკვეული რაოდენობის ჩამოჭრას ითვალისწინებს. ქულების განულების შემთხვეევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება. მის დასაბრუნებლად შეუძლია, გამოცდა ჩააბაროს ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.

ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს.