მარტვილში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ჭადრების ხეივანში კამერული მუსიკის ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ გაიმართა
მარტვილში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ჭადრების ხეივანში კამერული მუსიკის ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ გაიმართა

მარტვილში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ჭადრების ხეივანში, ღია ცის ქვეშ მეექვსედ გაიმართა კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს კამერატა“.

წელს ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და მხოლოდ ️️️ქართველ მუსიკოსებს უმასპინძლა. 26 სექტემბერს დაუკრეს ანა ყიფიანმა (ფორტეპიანო) და კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანმა კვარტეტმა. 27 სექტემბერი კი სრულად დაეთმო ქართულ რომანსს. ნუკრი კაპანაძემ, ეკა მამალაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, The Quintessence-მა, კონცერტმაისტერმა ნინო გულიაშვილმა არაერთი ცნობილი ქართული რომანსი შეასრულეს.

პარალელურად გაიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო ზურაბ ჭედიას, დავით ბაძაღუას, ემზარ ცირდავას, ჯემალ ბასარიას, დინა ვეკუას ნამუშევრები.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან შიო აბრახამია და ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის; იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა.რ. მინისტრის აპარატის მხარდაჭერით.