მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო]
მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო]

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარში საქართველოს ყველა კუთხიდან უშვილო წყვილები იკრიბებიან. მათ თან აკვნები და თოჯინები მიაქვთ, რათა უფალმა შვილი აჩუქოს. ამ ფორმით ისინი ღმერთს შვილიერებას ევედრებიან.

წაჩხურუს ტაძარი მეშვიდე საუკუნისააა. ტაძარში ამ დღეს უშვილო წყვილებისთვის პარაკლისი ტარდება. წაჩხურობის დღესასწაული აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს აღინიშნება. დღესასწაულზე ასევე მოდის ბევრი წყვილი, რომელთა თქმით, შვილი უკვე ეყოლათ და აკვანი შესაწირად მადლიერების ნიშნად ამოაქვთ. მათ სწამთ, რომ შვილი „მოსკე წაჩხურუმ“ აჩუქა.

საიდან იღებს ტრადიცია სათავეს, ზუსტად არავის ახსოვს. ტაძრის აგების ისტორია კი ასეთია – სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს. ტაძარი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული.

ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.