მარტვილის რაიონის სოფელ ნაგებერაოში ახალი სკოლა გაიხსნა
მარტვილის რაიონის სოფელ ნაგებერაოში ახალი სკოლა გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში ახალი საჯარო სკოლა გახსნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლას აქვს აკუსტიკური ჭერი, ვინილის იატაკი, რომელიც მდგრადია და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უცვლელ ვიზუალს ინარჩუნებს.

სკოლაში მოწყობილია ლაბორატორია, ასევე დახურული სპორტული დარბაზი, რომელშიც შესაძლებელია ხელბურთის, ფრენბურთის კალათბურთისა და ფეხბურთის რეგიონული ჩემპიონატების ჩატარება. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

სკოლის ძველი შენობა 1908 წლიდან ფუნქციონირებდა არასტანდარტულ ხის შენობაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს განხორციელებულა.