მარტვილის პოლიციის სამმართველოში მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს
მარტვილის პოლიციის სამმართველოში მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის პოლიციის სამმართველოში მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

გამოკითხვაზე იმყოფებიან როგორც ეპარქიის სასულიერო პირები, ასევე მედიის წარმომადგენლები.

მარტვილში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი მედიის წარმომადგენელი.

ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა.

შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი