მარტში ვადიანი დეპოზიტები 157.4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 366.8 მლნ ლარით გაიზარდა
მარტში ვადიანი დეპოზიტები 157.4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 366.8 მლნ ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი აპრილისთვის 23.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 209.4 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით მეტია პირველი მარტისთვის არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 157.4 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 366.8 მლნ ლარით, ანუ 2.8 პროცენტით.

ამასთან, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისთვის 38.15 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.48 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.7 პროცენტი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 84.2 პროცენტია, ხოლო ევროს წილი – 14.3 პროცენტი.