მარტორქებისთვის რქების განზრახ მოჭრამ ბრაკონიერობა 78 პროცენტით შეამცირა და ათასობით ცხოველი გადაარჩინა — #1tvმეცნიერება
ველურ ბუნებაში მარტორქებისთვის რქის მოჭრა საკმარისი აღმოჩნდა, რათა დრამატულად შემცირებულიყო ბრაკონიერების მიერ ამ ცხოველების ხოცვის მაჩვენებელი.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამხრეთ აფრიკის 11 ბუნებრივ ნაკრძალში შავი (Diceros bicornis) და თეთრი მარტორქების (Ceratotherium simum) პოპულაციებისთვის რქების მოჭრამ ბრაკონიერობა საშუალოდ 78 პროცენტით შეამცირა. სხვათა შორის, ეს ყველაზე ეფექტიანი მეთოდი აღმოჩნდა ამ საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა უკანონოდ ხოცვის შესამცირებლად.
„ბრაკონიერობის შესამცირებლად, რვა ნაკრძალში რქა მოაჭრეს 2284 მარტორქას; აღმოჩნდა, რომ ამან ბრაკონიერობა 78 პროცენტით შეამცირა და ამაში მარტორქების დაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 1,2 პროცენტი დაიხარჯა“, — ამბობს სამხრეთ აფრიკის ნელსონ მანდელას უნივერსიტეტის საკონსერვაციო ბიოლოგი ტიმ კუიპერი.
მარტორქის რქით ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის გამანადგურებელი გავლენის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მაგალითს.
ამ ცხოველთა რქა შედგება კერატინისგან, როგორც ჩვენი ფრჩხილები და თმა; მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება, მრავალ კულტურაში დღემდე სჯერათ, რომ მარტორქის რქას სამედიცინო ღირებულება გააჩნია. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ბრაკონიერობის გამო, დედამიწაზე მარტორქების უმეტესო სახეობა გადაშენების პირასაა.

გაჩნდა ბრაკონიერობის შემცირების მრავალი სხვადასხვა სტრატეგია, მათ შორის, 3D პრინტერზე დაბეჭდილი რქები და კანონდამრღვევების სიკვდილით დასჯა.
კუიპერმა და მისმა კოლეგებმა კვლევა იმის დასადგენად ჩაატარეს, რამდენად ეფექტიანია სხვადასხვა ზომა კრუგერის დიდი ზონის ბუნების 11 ნაკრძალში — ეს ლანდშაფტი დაახლოებით 2,4 მილიონ ჰექტარს მოიცავს და მასში ბინადრობს აფრიკის მარტორქათა დაახლოებით 25 პროცენტი.
2017-2023 წლებში მკვლევრებმა ბრაკონიერების მიერ 1985 მარტორქის მოკვლა აღრიცხეს. ეს ამ ზონის მარტორქათა პოპულაციის დაახლოებით 6,5 პროცენტია.

ბრაკონიერობის საწინააღმდეგო ზომების უმეტესობა რეაქციული სტრატეგიაა — რეინჯერების რაოდენობის ზრდა, კამერები და მეძებარი ძაღლები. კვლევის პერიოდში, ამ ზომების შედეგად დააკავეს დაახლოებით 700 ბრაკონიერი, მაგრამ ამან მნიშვნელოვნად არ შეამცირა მარტორქების ხოცვის მაჩვენებელი, სულ მცირე ნაწილობრივ სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის გამო.
თუმცა, რქების დაჭრის შემდეგ, ბრაკონიერობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა.

რქის მოჭრა მარტორქას საფრთხეს არ უქმნის; დაახლოებით ისეა, თქვენ რომ ფრჩხილები დაიჭრათ ან თმა შეიჭრათ. რქის ზრდის ფუძე ხელუხლებელი რჩება და შესაბამისად, კერატინი რქას ხელახლა ზრდის. რქის მოჭრა მარტორქის მოკვლის სურვილს აქრობს, რადგან რქა სწორედ ისაა, რაც ბრაკონიერებს სურთ.
რქების მოჭრა არა მხოლოდ ბრაკონიერების მაჩვენებელს ამცირებს, არამედ ნაკრძალებში ბრაკონიერების გამოჩენისასაც.
თუმცა, რქების მოჭრა პირდაპირი პრევენციული ღონისძიება არ იყო. ვინაიდან რქა კვლავ იზრდება, ბრაკონიერებმა მაინც მოკლედ რქის ძირის მქონე 111 მარტორქა. მიუხედავად იმისა, რომ რქამოჭრილ მარტორქებში ბრაკონიერობის მაჩვენებელი შემცირდა, რქის ძირიც კი საკმარისი ცდუნებაა ბრაკონიერობის ზოგიერთი სინდიკატისთვის.
ამას გარდა, რქიანი მარტორქების ძებნაში, ბრაკონიერები ხშირად გადადიოდნენ სხვა რეგიონებში.
„შეიძლება საუკეთესო რამ იყოს, რომ ვიფიქროთ რქების მოჭრაზე, როგორც ძლიერ ეფექტიან, მაგრამ ხანმოკლე გამოსავალზე, რომელიც დროს მოგვაგებინებს უფრო ეფექტიან ღონისძიებათა გატარებამდე“, — ამბობს კუიპერი.
მარტორქებზე ბრაკონიერობა იმდენად კომპლექსური პრობლემაა, რომ მას რომელიმე ცალკეული გამოსავალი ვერ გამოასწორებს. თუმცა, რქების მოჭრა ერთგვარი პირველი ნაბიჯი ჩანს უფრო ფართო გამოსავლის ძიებისკენ.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.mandela.ac.za-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.