მარტოხელა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ
მარტოხელა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა დააყენა ინიციატივა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატანი ცვლილების შესახებ.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინიციატივის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილებს, წესით განსაზღვრულ ჯგუფებთან ერთად, რეგისტრაციის უპირატესი საშუალება ეძლევათ.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მარტოხელა მშობლებისათვის სოციალური გარანტიების მიცემას და მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადგომას, რამდენადაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი 2320 ქალს მიენიჭა. მისივე თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ ამ სტატუსის მატარებლებს მუნიციპალურ დონეზე შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის (ჩარიცხვა/ამორიცხვა) არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობდა. 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული წესით მოხდა აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცედურების სისტემატიზაცია. უპირატესი რეგისტრაციის უფლება მიენიჭა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებსა და ასევე ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალისა და იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით“, – აღნიშნულია თბილისის საკრებულოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ წარდგენილი ინიციატივის ძალაში შესვლის შემდეგ, ზემოხსენებულ ჯგუფებს 2019 წლიდან დაემატება უპირატესი რეგისტრაციის უფლებით მოსარგებლე – „მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები“.

„მარტოხელა მშობლისთვის დამატებითი სოციალური გარანტიის მიცემა გამოიხატება შესაბამისი სტატუსის მქონე პირის ბავშვებისთვის რეგისტრაციის პროცედურების ხელშეწყობასა და გამარტივებაში, რასაც ავსახავთ მუნიციპალურ სამართლებრივ აქტებშიც. შესაბამისად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციას უფრო ეფექტიანს გავხდით. სამოქალაქო კოდექსის 2018 წლის საბოლოო რედაქციაც მიმართულია იმისკენ, რომ განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი. ეს ნიშნავს, რომ მარტოხელა მშობლებსა და მათ შვილებს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.