მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დაიწყეს მუშაობა
მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დაიწყეს მუშაობა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მართლწესრიგის 40-მა ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.

შსს-ს ცნობით, მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე, თბილისის მასშტაბით, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის რაიონებში მუშაობდნენ.

„მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და ა.შ.

ოფიცრების შერჩევა მოხდა კონკურსის წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად, მთელ საქართველოში დაინერგება.