„მართლმსაჯულების გადასარჩენად“ - ძალისხმევას გავაერთიანებთ, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს
„მართლმსაჯულების გადასარჩენად“ - ძალისხმევას გავაერთიანებთ, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს

ძალისხმევას გავაერთიანებთ, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო მოძრაობა „მართლმსაჯულების გადასარჩენად“ პარტია „ქართული ოცნების“ განცხადების საპასუხოდ ავრცელებს.

„დამოუკიდებელი, თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების, სამართლიანობისა და მშვიდობის დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა დღემდე ვერ მოხერხდა.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მეთაურობით. ეს ჯგუფი წინა ხელისუფლების პირობებში მართავდა და ტოტალურ მორჩილებაში ამყოფებდა სასამართლო სისტემას, იღებდა და ასრულებდა პოლიტიკურ შეკვეთებს. საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ მათი მმართველობის პირობებში შეუძლებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საკანონმდებლო ცვლილებებით.

სწორედ ამიტომ, 2019 წლის იანვარში საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით შემუშავდა მანიფესტი, რომელიც ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას, რომელმაც მხარი დაუჭირა პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიას, ასევე კლანის ლიდერების, მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის გადადგომას.

მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ, ნაცვლად იმისა, რომ გაეაზრებინა საზოგადოების პროტესტი და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, 2019 წლის 5 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც თავს ესხმის სისტემის გაჯანსაღების მსურველთ, ბრალს სდებს მათ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ, როცა თავად მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში შექმნილ და გაბატონებულ კლანს.

საპასუხოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საზოგადოება გააგრძელებს მობილიზაციას სასამართლო სისტემის გათავისუფლების, გაჯანსაღებისა და რეალური დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ სასამართლოს იდეის დასამარებას და გავაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს“, – აცხადებენ სამოქალაქო მოძრაობაში, რომელიც შედგება მოქალაქეების, სტუდენტების, აქტივისტების, საზოგადოების სხვადასხვა წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა არ დაუშვებს საზოგადოების, ხელისუფლების ერთობლივი მონაპოვრის, თვისებრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო დისკრედიტაციას.