მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. დღესასწაულს ბზობას ან ბაიაობასაც უწოდებენ.

სადღესასწაულო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და ყოველთვის აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.

ეს დღე სახარებისეულ ეპიზოდს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულისთვის იერუსალიმში ჩავიდა. ქალაქის მაცხოვრებლები მას ზეიმით შეხვდნენ. ვირს, რომელზეც მაცხოვარი იჯდა, გზად სამოსელსა და პალმის რტოებს უფენდნენ. სწორედ აქედან წამოვიდა დღესასწაულზე ტაძარში მარადმწვანე მცენარის, ბზის მიტანის ტრადიცია.

ბზას ყველა მოქმედ ტაძარში აკურთხებენ, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია.