მარტა კოსი - უკრაინაში რუსეთი თავს ესხმის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ისე, როგორც არასდროს, ხალხს ცხელი წყალი და შუქი არ აქვს, კორუფციის შემთხვევა კი სწორედ ამ სექტორში დაფიქსირდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ კორუფცია მთელ ევროპაში ვრცელდება, მაგრამ მთავარი ისაა, თუ როგორ ხდება რეაგირება.
როგორც კოსმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით უკრაინის ანტიკორუფციული კურსი სწორია. ამის შესახებ ევროკომისარმა უკრაინის აღდგენის თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მისი ვიდეომიმართვა გაავრცელეს.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა კორუფციის პრევენცია მოვახდინოთ, მაგრამ როდესაც ეს მაინც ხდება, მნიშვნელოვანია, თუ როგორია რეაგირება პოლიტიკური ლიდერების ჩარევის გარეშე. სწორედ ამიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი“, – განაცხადა კოსმა.
მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კორუმპირებულთა დევნა.
„ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ ფული ქვეყანაში რჩებოდეს და კეთილ საქმეს მოხმარდეს“, – განმარტა ევროკომისარმა.
კოსის თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინაში ასეთი ინციდენტი მოხდა.
„რატომ? ხალხი კვდება, რადგანაც რუსეთი თავს ესხმის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ისეთი მასშტაბით, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ხალხს არ აქვს ცხელი წყალი, შუქი, და სწორედ ამ სექტორში მოხდა ეს შემთხვევა“, – განაცხადა კოსმა.
მისივე თქმით, მას უკრაინაში კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეგრძნებები აქვს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ უკრაინა სწორ გზას ადგას.
„ზელენსკი ამას ხვდება, და მან მოუწოდა მთავრობას, ეფექტურად ითანამშრომლოს ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან. ეს კარგი რეაქციაა“, – განაცხადა კოსმა.
ცნობისთვის, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ.
როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია საუბრების ჩანაწერები, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს საუბარიც არის.