მარტა კოსი - ჩვენ უნდა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება მხოლოდ მაშინ, თუ ხელისუფლება გადადგამს საიმედო ნაბიჯებს დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად
საქართველო არის შეხსენება, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ევროპულ გზაზე წინსვლა ავტომატურად იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობასა და ევროპულ გზაზე კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე ისაუბრა.
„რაც შეეხება საქართველოში ვითარებას, მადლობა ყველა თქვენგანს, რასა იუკნევიჩიენეს, ვინც აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოებასთან კონტაქტებში. საქართველო არის შეხსენება, რომ ევროკავშირის გზაზე შეიძლება მოხდეს უკუსვლა. როდესაც ვიწყებთ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპულ გზაზე წინსვლა ავტომატურად იქნება უზრუნველყოფილი. მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი გამოდის ევროკავშირის დროშებით, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
მარტა კოსის თქმით, „საქართველოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ აღნიშნავს ქვეყნის დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ბოლო დროს მიღებულ კანონებთან ერთად“.
„ის საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული ფუნდამენტის გადარჩენას. გასულ კვირას გამოქვეყნებულ ჩვენს განცხადებაში მე და უმაღლესმა წარმომადგენელმა, კალასმა მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, ყური უგდოს საკუთარი მოსახლეობის მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიასა და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, აქციის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. და ამას გავაკეთებთ ისევ და ისევ. პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ უნდა განვიხილოთ საქართველოს ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება მხოლოდ მაშინ, თუ ხელისუფლება გადადგამს საიმედო ნაბიჯებს დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად. და ასეთ დროს ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ხალხს“, – აღნიშნა მარტა კოსმა.