მარტა კოსი – აშშ-ში MAGA-ს იდეოლოგები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში რეალური დემოკრატია არ გვაქვს, ევროპული ცივილიზაცია უკუსვლას განიცდის, ამას უნდა ვებრძოლოთ

14:40, 04.09.2026

აშშ-ში MAGA-ს(გახდეს ამერიკა უფრო დიადი) იდოელოგები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში რეალური დემოკრატია არ გვაქვს, ამას უნდა შევებრძოლოთ. ეს განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ირლანდიაში გააკეთა.

ირლანდიაში მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების პროცესია. ამ კონტექსტში ჟურნალისტებმა მარტა კოსს ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის შესახებ დაუსვეს კითხვა. ევროკომისარმა განაცხადა, რომ ეს სამწუხარო შედეგია.

„ვწუხვარ ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უმეტესად იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი ევროპული ბაზრის წევრები, შენგენის ზონაშიც არიან, მაგრამ ევროკავშირი გაცილებით მეტია. ამიტომ დღის წესრიგში ყოფნა ამ გეოპოლიტიკური გამოწვევებით აღსავსე დროს ისლანდიელებისთვისაც კარგი იქნებოდა და ჩვენთვისაც“, – განაცხადა კოსმა

ევროკომისარმა ასევე აღნიშნა რომ, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბევრ მოქალაქეში არსებული შიში, რომ ევროკავშირს არ შეუძლია გაფართოება, გაქრეს.

„ჩვენ ამას ვერ უარვყოფთ, ამას უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენი ისტორია უნდა მოვყვეთ. ასევე, ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის დროს ვნახეთ, რომ არსებობს ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, რომელსაც აძლიერებენ ხანდახან ქვეყნის შიგნით, მაგრამ ასევე ის მოდის გარედან, არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან, არამედ დასავლეთიდანაც. ასე რომ, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ახსნა, რას ეხება ეს. ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ ევროკავშირი დაიყვანონ ეკონომიკურ კავშირამდე, ეს ნამდვილად არ არის ევროკავშირის არსი. ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე. ვხედავთ დრონებს და ქმედებებს ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ. ამ ყველაფერთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივად შეგვიძლია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ევროკავშირის მნიშვნელობის ახსნა. წარსულში გვეგონა, რომ ეს ისედაც თვალსაჩინო იყო, მაგრამ ახლა უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. მემარჯვენე პოპულისტები და ჩვენი გაერთიანების მოწინააღმდეგეები ძალიან ხმამაღლა საუბრობენ. ისინი ბევრ ფულს ხარჯავენ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ასევე, აშშ-ში MAGA-ს მოძრაობის იდეოლოგები ამტკიცებენ, რომ ევროპული ცივილიზაცია უკუსვლას განიცდის, რომ ჩვენი ეკონომიკა უკან იხევს და რომ ჩვენ რეალური დემოკრატია არ გვაქვს, კარგით რა“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ცნობისთვის, ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები განახლებას მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი