მარსზე აქამდე უხილავი ქიმიური რეაქცია დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
მარსზე აქამდე უხილავი ქიმიური რეაქცია დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

2018 წლის გიგანტური ქვიშის შტორმი მარსზე უბრალო ქარბუქი არ ყოფილა — ამ მოვლენის წყალობით, პლანეტის ატმოსფეროში აქამდე უხილავი აირი დააფიქსირეს. პირველად ისტორიაში, წითელი პლანეტის გარშემო მოძრავმა ხომალდმა ExoMars-მა ქლორწყალბადი დააფიქსირა, აირი, რომელიც ერთი წყალბადისა და ერთი ქლორის ატომისგან შედგება.

ამ აირმა მარსის მეცნიერებს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა — როგორ შეიძლებოდა ის იქ მოხვედრილიყო.

„პირველად ისტორიაში, მარსზე ქლორწყალბადი აღმოვაჩინეთ. ეს გახლავთ მარსის ატმოსფეროში ჰალოგენი აირის დაფიქსირების პირველი შემთხვევა, რომელიც ამ იქ მიმდინარე ამ დრომდე უცნობ ქიმიურ ციკლზე მიუთითებს“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსი კევინ ოლსენი.

მეცნიერები მარსის ატმოსფეროში აქტიურად თვალს ადევნებენ თვალს ქლორის შემცველ აირებს, რადგან სწორედ მათი საშუალებით შეიძლება დადასტურდეს, რომ პლანეტა ვულკანურად აქტიურია. თუმცა, ქლორწყალბადი რომ ვულკანური აქტივობის შედეგად იყოს წარმოქმნილი, ის ძლიერ რეგიონულად უნდა იყოს წარმოდგენილი და თან უნდა ახლდეს სხვა ვულკანური აირებიც.

ExoMars-ის მიერ დაფიქსირებული ქლორწყალბადის შემთხვევაში კი ასე არ იყო. აირი ქვიშის შტორმის დროს დაფიქსირდა მარსის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში, სხვა ვულკანური აირების თანხლების გარეშე.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ აირს რაღაც სხვა პროცესი წარმოქმნის; საბედნიეროდ, აქ, დედამიწაზეც მიმდინარეობს ისეთი პროცესები, რომლებიც ამ საკითხის გადაჭრაში შეიძლება დაგვეხმაროს.

ეს გახლავთ რამდენიმე საფეხურიანი პროცესი, რომელიც რამდენიმე მთავარ ინგრედიენტს მოითხოვს. პირველ რიგში საჭიროა ნატრიუმის ქლორიდი (სუფრის მარილი), რომელიც აორთქლების პროცესის ნარჩენს წარმოადგენს. მარსზე ეს ნივთიერება უხვად არის, რადგან დარჩენილია უძველესი, მლაშე ტბების დაშრობის შედეგად. ზედაპირზე მძვინვარე ქვიშის შტორმს ნატრიუმის ქლორიდი ატმოსფეროში ააქვს.

მარსის პოლუსები დაფარულია ყინულის ქუდებით, რომლებიც ზაფხულში გათბობისა სუბლიმაციას განიცდის (მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირადში გადასვლა). როდესაც ამ გზით წარმოქმნილი წყლის ორთქლი მარილს ერევა, იწყება ქიმიური რეაქცია, რომელიც ქლორს გამოყოფს; ამის შემდეგ, ქლორი კვლავ შედის რეაქციაში და წარმოქმნის ქლორწყალბადს.

„ქლორის გამოთავისუფლებისთვის საჭიროა წყლის ორთქლი, ამის შემდეგ კი, ქლორწყალბადის წარმოქმნისთვის საჭიროა წყლის ქვეპროდუქტი — წყალბადი. ამ ქიმიურ პროცესში წყალი გადამწყვეტია“, — ამბობს ოლსენი.

მისივე განცხადებით, ისინი ასევე დააკვირდნენ ურთიერთქმედებას მტვერთან — როცა მტვრის აქტივობა ძლიერდებოდა, უფრო მეტი ქლორწყალბადი ფიქსირდებოდა; ეს პროცესი კი დაკავშირებულია სამხრეთ ნახევარსფეროს სეზონურ გათბობასთან.

ამ მოდელს მხარს უჭერს ქლორწყალბადის დაფიქსირება მომდევნო, 2019 წლის ქვიშის შტორმის სეზონზეც, რომლის ანალიზებიც ჯგუფს ჯერ არ დაუსრულებია.

შესაბამისად, ეს მოდელი ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის; ამ პროცესთა ციკლის უფრო სრულყოფილ სურათს ამჟამინდელი და სამომავლო დაკვირვებები დაგვიხატავს.

ამასობაში კი, მარსის ატმოსფეროში ქლორწყალბადის გამოყოფის პოტენციური მექანიზმის გამორიცხვაში ან დადასტურებაში მეცნიერებს ლაბორატორიული ექსპერიმენტები, მოდელირება და სიმულაციები დაეხმარება.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.