მარსისა და მთვარის ანალოგიურ ნიადაგში წიწმატი, ბოლოკი და შვიდი სხვა მცენარე გაზარდეს
მარსისა და მთვარის ანალოგიურ ნიადაგში წიწმატი, ბოლოკი და შვიდი სხვა მცენარე გაზარდეს

თუკი ერთ მშვენიერ დღეს სხვა პლანეტაზე ბაზას გავხსნით, იქ აუცილებლად მოგვიწევს ვიპოვოთ საკუთარი თავის გამოკვების გზები. ალბათ გაგახსენდათ ფილმი „მარსელი“ და წითელ პლანეტაზე მოყვანილი კარტოფილი. ახლახან, მთვარისა და მარსის ანალოგიური ქანების გამოყენებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ მათ მიწას მცენარეების გამოზრდა შეუძლია.

საინტერესოა, რომ მცენარეების ზრდის თვალსაზრისით, მარსის ანალოგიური მიწა უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მთვარისა, რაც საკმაოდ იმედისმომცემი ფაქტია სამომავლოდ.

მკვლევრებმა გამოიყენეს რეგოლითის რეპროდუქციის ნასას მიერ შექმნილი მეთოდი, რომლითაც დაამზადეს მარსისა და მთვარის ზედაპირზე არსებულის მსგავსი მიწის, მტვრისა და სხვა ნარჩენების ნაზავი. რეგოლითის სიმულანტში შეურიეს ორგანული ნივთიერებები, რომელთა წაღებაც ასტრონავტებს დედამიწიდან დასჭირდებათ, შემდეგ კი უკვე წინა მოსავლის მცენარეებისგან დაამზადებენ.

ტესტი ჩაუტარდა 10 სხვადასხვა მცენარეს — წიწმატს, როკეტს (Eruca vesicaria), პომიდორს, ბოლოკს, ჭვავს, ქინოას, ისპანახს, ველურ ხახვს, ბარდას და პრასს. ყველა მცენარე გაიზარდა და საკვებად ვარგისი ნაწილები განუვითარდა, გარდა ისპანახისა.

„ავღელდით, როცა დავინახეთ, როგორ შეწითლდა მარსის სიმულანტ ნიადაგში გაზრდილი პომიდორი“, — ამბობს ნიდერლანდების ვაგენინგენის უნივერსიტეტის ეკოლოგი ვიგერ ვამელინკი.

ექსპერიმენტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შედეგები კი ახლა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Open Agriculture-ში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცენარეები უკეთესად გაიზარდა მარსის რეგოლითში, ვიდრე მთვარისაში. მარსული ნიადაგი დამზადდა ხომალდ „ვიკინგისა“ და მავალ „პათფაინდერის“ მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე; გამოიყენეს ძირითადად ჰავაის ვულკანური ზონებიდან აღებული მასალები.

რაც შეეხება მთვარის რეგოლითი, მისი ნამდვილი ნიმუშები დედამიწაზე ისედაც გვაქვს, მაგრამ ის მცენარეთა გაზრდისთვის საკმარისი არ არის. ნასას მიერ დადასტურებული სიმულანტი დამზადებულია არიზონის უდაბნოებიდან აღებული მასალებისგან.

გაზრდილი ცხრა სახის მცენარიდან, მეცნიერებმა დასათესად საკმარისი ოდენობის თესლი შეგაროვეს ბოლოკისგან, წიწმატისგან და ჭვავისგან.

მართალია, უშუალოდ მარსზე ან მთვარეზე მცენარეების გაზრდა მომავალში ალბათ დახურულ შენობებში მოხდება, მაგრამ გასათვალისწინებელი იქნება სხვა მრავალი ფაქტორიც, მაგალითად, სიცივე და რადიაცია.

თუმცა, ეს ექსპერიმენტი უდავოდ წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ 14 სხვადასხვა სახის მცენარე ნიადაგის სიმულანტში ადრეც გაზარდეს. მარსის ნიადაგი იმ შემთხვევაშიც მთვარისაზე უკეთესი აღმოჩნდა.

დედამიწის მიღმა საკვები მცენარეების გაზრდის ერთ-ერთ მეთოდად ასევე მიიჩნევა ჰიდროპონიკა, რომელიც ზრდისთვის მხოლოდ წყალს იყენებს, და აეროპონიკა, რომელიც მცენარეებს ტენიანი ჰაერით ზრდის, თუ საკვებ ნივთიერებებს შევასხურებთ. ორივე მეთოდს თან ახლავს კონკეტული სირთულეები და შესაბამისად, საჭიროა სხვა შესაძლებლობათა კვლევაც.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.