მარსის შესაძლო „მკვიდრნი“ - ანტარქტიკული სოკოები
მარსის შესაძლო „მკვიდრნი“ - ანტარქტიკული სოკოები

თუკი ერთ მშვენიერ დღეს მეცნიერები მარსზე სიცოცხლეს აღმოაჩენენ, სავარაუდოდ ის იმ პაწაწინა სოკოების წყალობით იქნება, რომლებიც ანტარქტიდის კლდეებზეა გავრცელებული.

ანტარქტიკული სოკოს ორი სახეობა Cryomyces antarcticus და Cryomyces minteri-ი მეცნიერებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნეს, სადაც მათ მარსის იდენტურ პირობებში 18 თვის მანძილზე იცოცხლეს. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Astrobiology იუწყება.

წითელი პლანეტის იდენტურ პირობებში, 18 თვის მანძილზე, სოკოების 60% უვნებლად გადარჩა, მათმა დნმ-მა კი ნორმალურად ფუნქციონირება განაგრძო. მეცნიერებს ეს შემთხვევა იმის დამადასტურებლად მიაჩნიათ, რომ მარსზე სიცოცხლე შესაძლებელია.

კოსმოსურ სადგურზე, ანტარქტიკული სოკოები მოათავსეს ისეთ ატმოსფეროში, რომელიც შედგებოდა 95% ნახშირბადის დიოქსიდისგან, 1,6% არგონისგან, 0,15% ჟანგბადისა და 2,7% აზოტისგან; კამერაში ასევე იყო წყალი. ეს ყველაფერი კი 1000 პასკალი წნევის ქვეშ მოათავსეს. გარდა ამისა, სოკოებისაკენ მიმართული იყო ძლიერი ულტრაიისფერი რადიაცია. ტემპერატურის ცვალებადობა -21.5 +59.6 °C-ს შეადგენდა.

კვლევა ექსპერიმენტ EXPOSE-E-ს ფარგლებში მიმდინარეობდა. ცოცხალი ორგანიზმები უამრავ საზომ ხელსაწყოსთან ერთად კონტეინერში იყო მოთავსებული, რომელიც თავის მხრივ, კოსმოსური სადგურის გარე ზედაპირზეა მიმაგრებული.

წყარო: Foxnews