მარსელში აქციის მონაწილეებმა იარაღის ქარხნის შესასვლელი გადაკეტეს, პარიზის ერთ-ერთ სკოლასთან კი აქციის მონაწილეებსა და პოლიცილებს შორის დაპირისპირება მოხდა
მარსელში აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს იარაღის იმ ქარხნის შესასვლელი, რომელსაც ისრაელის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „დახურეთ გენოციდური ქარხანა“.
ამასთან, მარსელში გაფიცულთა უმრავლესობა სკოლის მასწავლებლები არიან. როგორც ფრანგული მედია წერს, დაგეგმილი გაფიცვების გამო საფრანგეთში ელექტროენერგიის წარმოება შემცირდა. შეფერხებულია ქვეყნის მასშტაბით მაგისტრალებზე მოძრაობა, დახურულია რამდენიმე მეტრო.
როგორც ფრანგული მედია იუწყება, პარიზში, ერთ-ერთ სკოლასთან ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებსა და პოლიცილებს შორის დაპირისპირება მოხდა.
საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვები და დემონსტრაციებია დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს საბიუჯეტო გეგმას, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. როგორც ფრანგული მედია წერს, სავარაუდოდ, ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია იქნება. ხელისუფლების ცნობით, დემონსტრაციებზე დაახლოებით 800 000 ადამიანს ელოდებიან, ხოლო გაფიცვა გავლენას მოახდენს სკოლების, ტურისტული ობიექტებისა და ტრანსპორტის მუშაობაზე.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით განათავსებენ უსაფრთხოების ძალას. კერძოდ, 80 000 პოლიციელსა და ჟანდარმს, 24 ჯავშანმანქანას, ათ წყლის ჭავლის მანქანას და სათვალთვალო დრონებს. როგორც მედია წერს, ასეთი მობილიზაცია 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა.