მაროკოში ირანის საელჩო იხურება, ირანის ელჩმა ქვეყანა უკვე დატოვა
მაროკოში ირანის საელჩო იხურება, ირანის ელჩმა ქვეყანა უკვე დატოვა

მაროკომ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მაროკოს მთავრობის მტკიცებით, თეირანი „ჰეზბოლას“ გავლით აფინანსებს და იარაღს აწვდის ფრონტ პოლისარიოს, რომელიც დასავლეთ საჰარის რეგიონის მაროკოსგან გამოყოფას უჭერს მხარს.

როგორც მაროკოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება, მხოლოდ ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობის გამო მიიღეს და ეს არ უკავშირდება რეგიონალურ ან საერთაშორისო მოვლენებს.

მათივე თქმით, საქმე მაროკოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ირანის ელჩმა უკვე დატოვა მაროკო და საელჩოც უახლოეს ხანში დაიხურება.

დასავლეთ საჰარის რეგიონი სადავო ტერიტორიაა, რომელიც წარსულში ესპანეთის კოლონია იყო. ამ რეგიონის დიდი ნაწილი 1975 წელს მაროკოს მიერ იყო ოკუპირებული. მაროკოს ხელისუფლება ითხოვს რომ დასავლეთ საჰარის რეგიონის ავტონომიური სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციით  იყოს განსაზღვრული.