მარნეულში, Sophopolis-ის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებლის „მრავალფეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა
მარნეულში, Sophopolis-ის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებლის „მრავალფეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

მარნეულში, Sophopolis-ის სასწავლო ცენტრში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მრავალფეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა-ტრენინგი გამართა.

შეხვედრის დროს რამილია ალიევამ ისაუბრა მედიის მნიშვნელობაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე, განხორციელებულ პროექტებსა და საქართველოს აზერბაიჯანული თემისთვის მომზადებულ მასალებზე.

ახალგაზრდებმა დასვეს სხვადასხვა კითხვა მედიისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ. მათ ასევე გამოხატეს სურვილი, რომ მოინახულონ საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა.

„მარნეულში გვქონდა შეხვედრა ადგილობრივ ახალგაზრდებთან. ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რასაც ახორციელებს საქართველოს პირველი არხი აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის. ასევე, ვრცელი ინფორმაცია მივაწოდეთ ახალგაზრდებს იმ პროექტების შესახებ, რაც მზადდება საქართველოს პირველ არხზე პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს” ფარგლებში. საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო ახალგაზრდების მხრიდან ტელევიზიის მიმართ. ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს ტელევიზიის ახალ შენობასთან დაკავშირებით და ტელევიზიის ახალ შენობაში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს. ისინი ტელევიზიის ახალი შენობის შესახებ ინფორმაციას ეცნობიან სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე, საქართველოს პირველი არხის აზერბაიჯანულენოვანი გამოშვებებიდანაც აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი არხი გადადის ახალ მისამართზე და აქვს თანამედროვე სტანდარტების შენობა”, – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მრავალფეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ.