მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო [ფოტო/ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

„შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანრძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული სამმართველოს ხელმძღვანელები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.