მარნეულში ღვინის ფესტივალი გაიმართა
მარნეულში ღვინის ფესტივალი გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებითა და ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით მარნეულში ღვინის ფესტივალი – „ღვინობისთვე 2018“ გაიმართა. ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელმა მსხვილმა და საშუალო კომპანიებმა, მცირე და ოჯახურმა მარნებმა საკუთარი პროდუქცია წარმოუდგინეს.

ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის, თაფლისა და ყველის გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

ქართული ღვინის ფესტივალი მარნეულში სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა-პრეზენტაცია, არქეოლოგიური მასალის ფოტოგამოფენა.

საზეიმოდ მოხდა საწნახელში ყურძნის დაწურვა, თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონკურსი მეღვინეებს შორის, სადაც პროდუქცია მოწვეულმა სომელიეებმა შეაფასეს.

მოეწყო თიხის დამუშავების მასტერკლასებიც.