მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა
მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 31 სახლი იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობენ.

ინოვაციური პროექტის განხორციელება გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

ახალი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობაც იწყება, რომელიც 60 ბავშვზე იქნება გათვლილი. დასახლება დაათვალიერეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„მარნეულის პროექტი არის განსაკუთრებული და ინოვაციური იმით, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ დევნილ მოსახლეობას გადავეცით 31 სახლი, სოფლად სახლის ტიპის, რომელსაც აქვს ასევე საკუთარი მიწის ნაკვეთი და მათ შეუძლიათ, ასევე სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.ამ პროექტში ჩართული მოსახლეობა ასევე ჩართული არის დასაქმების კომპონენტში და მათ გადაეცემათ სხვადახვა სახის სახელობითი იარაღი, რომელიც ხელს უწყობს მათ შემდგომ დასახლებასაც. მნიშვნელოვანი არის, რომ 10 მილიონი ევრო გადაეცა გრანტის სახით საქართველოს მთავრობას და ინტენსიურად ჩართული იყო გერმანიის მთავრობა ამ პროექტში. ამ პროექტის წარმატებული განხორციელების შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილი არის დევნილი მოაახლეობისთვის კიდევ დამატებით 200 მსგავსი საცხოვრებელი სახლის გადაცემა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, გერმანია თანამშრომლობს საქართველოსთან და საქართველოში კიდევ მრავალი სახლი აშენდება დევნილებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და ვხედავ, დევნილებს, ამ ოჯახებს როგორ გადაეცემა ეს ლამაზი სახლები. გერმანია დიდი ხანია, მუშაობს განვითარების კუთხით საქართველოსთან, თანამშრომლობს და ეს არის ერთ-ერთი პროექტი ამ პროგრამაში, კიდევ მრავალი სახლი აშენდება საქართველოში დევნილებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სახლები და მიწა იქნება ამ დევნილების საკუთრება და მნიშვნელოვანია, რომ მას ისინი კარგად მოუვლიან და დიდი ხანი შეინარჩუნებენ. გავიგე, რომ არის პრობლემები, მაგრამ უწყებები მუშაობენ ამ პრობლემების გადასაჭრელად“, – განაცხადა ელჩმა.

დატოვე კომენტარი