მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მარნეულში 1500 მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, შესყიდვა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ- გვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3784

მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის და 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობას, რომელიც აკმაყოფილებს ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა.

პირველ სართულზე განთავსდება გასახდელები, მეორე სართულზე კი – სასწავლო ოთახი და სტადიონის ადმინისტრაციის საოფისე ფართი. გარდა სტადიონის მშენებლობისა მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში შვიდი სკოლის მშენებლობას ახორციელებს. ეს სკოლებია: სოფელ ცოფის საჯარო სკოლა, სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა, სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლა, სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა, სოფელ ხულდარის საჯარო სკოლა, სოფელ ქურთლიარის საჯარო სკოლა და სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლა, ხოლო რაც შეეხება სოფელ საბირკენდის №1 საჯარო სკოლას ფონდს ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და უახლოეს პერიოდში დაიწყებს მშენებლობას.