მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადასცემს.

პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 32 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც ადგილზე წლებია ცხოვრობს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა, მოეწყობა სოფლის ტიპის დასახლება. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საწყისი ბიუჯეტი 25 ათასი ევროა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან, ვინსენტ დონტომთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში განსახორციელებელი გეგმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება. დაფინანსების ხელშეკრულებას 22 თებერვალს ხელი მოაწერეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომმა.