მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მეუფე გიორგი განცხადებაში აღნიშნავს, „ყოვლად მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი” პროექტის ხორცშესხმას და ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ“.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა გამოვეხმაურო ზემო სვანეთში, კერძოდ მესტიაში განვითარებულ მოვლენებს, მე როგორც იმ კუთხის შვილმა, სადაც არის ჩემი მამა-პაპათა ძვალთ შესალაგი, რომელთაც დღემდე მოუტანიათ ის სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა და მიწა-წყალი, რითაც თითოეული ქართველი თავს იწონებს მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე, ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას არ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და არ თანავუგრძნო სვანეთში მიმდინარე პროცესებს.

მაშინ, როდესაც საზოგადოება და ხალხი არის ხელისუფლების არსებობის მთავარი წყარო, მათ ხმას გულდასმით უნდა უსმენდნენ და ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ვფიქრობ, უნდა იქნას ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით მიღებული.

ყოვლად მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი” პროექტის ხორცშესხმას და ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ. ჩვენ საზოგადოებამ სახელმწიფოსთან ერთად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაიჭრას ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა, ისე, რომ არ შეფერხდეს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოსვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მესტიაში „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მშენებლობაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას არ დაუშვებენ.