მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანას თხოვენ
მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანას თხოვენ

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანას თხოვენ. გაგი მოსიაშვილის თქმით, ბრალდების მხარე 6 აგვისტოს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს და ვადის გადაწევას 20 სექტემბრამდე მოითხოვს.

ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ პროკურატურამ ორ თვეში შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო, ახლა კი ცდილობს ცრუ მოწმეები ჩართოს საქმეში.

„შუამდგომლობით ითხოვენ ვადის გადაწევას, რადგან სურთ მტკიცებულებები მოიძიონ. გამოდის, რომ ორი თვის მანძილზე ვერ შეძლო საგამოძიებო ორგანომ დაზარალებულის გარდა სხვა პირის ნახვა, რომელიც მომხდარს დაადასტურებს. პატიმრობის შეფარდების მოტივი ერთადერთი მოწმის ჩვენება გახდა.
შიშიც გვიჩნდება, რომ არ მოხდეს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ცრუ მოწმეების წყალობით ბრალის დამტკიცება. ორ თვეში ერთი თვითმხილველი მოწმეც არაა მოძიებული, მაშინ როცა დაზარალებულის თქმით, შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას მოხდა“,- განაცხადა მოსიაშვილმა.

ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, ისინი დაინტერესდნენ, რით იყო დაკავებული მერობის პერიოდში აბაზოვი. მარნეულის ყოფილი მერის ინტერესების დამცველთა თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი საქმიანობის პერიოდში ნეპოტიზმსა და კორუფციას ებრძოდა, რაც გარკვეული ჯგუფებისთვის მიუღებელი იყო, რადგან მათ მარნეულში გავლენის მოპოვება სურდათ.

„მერობის შემდეგ მან ბრძოლა გამოუცხადა ნეპოტიზმსა და კორუფციას. აბაზოვს სურდა, რომ მარნეულში ყოფილიყო კანონის ფარგლებში ყველა მოქმედება და ყოფილიყო ღია მმართველობა. ჩვენ მიერ გამოკითხულთა თქმით, არსებობდნენ ჯგუფები, რომელთაც სურდათ საკუთარი ინტერესების გატარება. ჩვენი ინფორმაციით, ამ პროვოკაციამდე ცოტა ხნით ადრე აბაზოვის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფაც დაფიქსირდა. ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ფაქტი, რომელიც წინ უსწრებდა ინციდენტს, ამ შემთხვევის საფუძველი ყოფილიყო”,- აღნშნა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატების ინფორმაციით, აბაზოვს შემთხვევამდე ერთი თვით ადრე სისტემატურად ეგზავნებოდა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები.

„დაცვის მხარე აგრძელებს მტკიცებულებების მოძიებას. დადგენილი ფაქტია, რომ მის პროვოცირების მცდელობას წინ უძღოდა ფიზიკური ანგარიშსწორებაც. თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, საგამოძიებო უწყებებს წარვუდგენთ ამ ინფორმაციას. ჩვენ ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ გამოკითხული პირებისგან”,- აცხადებს მოსიაშვილი.

ადვოკატებმა დაზარალებულ ელჩინ ალახვრდიევის შესახებაც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მან ორი წლის წინაც დაადანაშაულა ერთი პირი ღირსების შემლახავ მოპყრობაში, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს აღელვებით იყო გამოწვეული.

„დაზარალებულს ორი წლის წინ მსგავსი საჩივრები სხვა პირის მიმართაც ჰქონდა შეტანილი და შემდეგ გამოტანილი თავისი სურვილით. გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანი ვიღაცაზე მუშაობს და ამიტომ ბევრ ტყუილს ამბობს“,- განაცხადა  მერაბ ჩიქოვანმა.

მარნეულში მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.