მარნეულის ყოფილ მერს ბრალს დღეს წარუდგენენ
მარნეულის ყოფილ მერს ბრალს დღეს წარუდგენენ

მარნეულის ყოფილ მერს ბრალს დღეს წარუდგენენ. მის ადვოკატს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში 12:30 საათზე ელოდებიან.

პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერესებს გაგი მოსიაშვილი დაიცავს. ადვოკატი დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და არც საქმის მასალებს იცნობს, ამიტომ დეტალებზე ვერ საუბრობს.

უფლებადამცველისთვის უცნობია დაკავებულის პოზიციაც იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რასაც გამოძიება ედავება.

ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გუშინ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ, ასევე, სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია იმაზე, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.