მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაცია 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება
მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაცია 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელ სოზარ სუბართან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა.

გაერთიანებული წყლალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ ვიცე-პრემიერს მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. კომპანია პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში აშენებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და ბიუჯეტი 56 მლნ დოლარამდეა.

„პროექტი, რომელიც მარნეულისა და ექვსი სოფლის 24-საათიანი წყალმომარგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, აქტიურად მიმდინარეობს. აქ ეს პრობლემა ათწლეულებია მწვავედ დგას და მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი წყალს ძალიან შეზღუდული გრაფიკით იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ 50 ათასზე მეტი ადამიანს ეს პრობლემა მოუგვარდება და წყალარინების სისტემაც გამართული იქნება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილისა და შიდა ქსელის, ასევე საკანალიზაციო კოლექტორის მოწყობა.

პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.