მარნეულის საველე ჰოსპიტალში მყოფ ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მარნეულის საველე ჰოსპიტალში მყოფ ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულის საველე ჰოსპიტალში 18 პაციენტის ტესტების პასუხებს ელოდებიან. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ტესტები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

საველე ჰოსპიტალში მყოფ კიდევ ექვს პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ისინი კარანტინში გადაჰყავთ. ყველა მათგანს მომატებული ტემპერატურა ჰქონდა და ამიტომ გახდა ტესტების აღება საჭირო.

საველე ჰოსპიტალი მარნეულში საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მოაწყო. მასში მისვლა ნებისმიერ მოქალაქეს თავადაც შეუძლია, თუ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდება.

სპეციალურად მოწყობილ კარავში მოქალაქეებს ექიმები და ეპიდემიოლოგები ადგილზე სინჯავენ. არის ასევე მოწყობილი ბოქსირებული კარავიც. ჰოსპიტალს სულ 100 პაციენტის ერთდროულად მკურნალობა შეუძლია.