მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ინციდენტი მოხდა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ინციდენტი მოხდა

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მოქმედ დეპუტატ აზერ სულეიმანოვსა და და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს შორის.

ინციდენტი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მალევე განიმუხტა. მანამდე, კიდევ ერთი ინციდენტი საოლქო კომისიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ადამიანთა ჯგუფი კომისიის შენობაში შეჭრას ცდილობდა და მათ მუშაობას ხელს უშლიდა, შემდეგ კი, კომისიის ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ საოლქოსთან პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. აზერ სულეიმანოვის განმარტებით, საოლქომ პირველი სხდომა ჩაატარა და უბნების თავმჯდომარეები, ასევე მოადგილეები გუშინ მათგან უჩუმრად აირჩია. ამიტომ, დღეს პროტესტი გამოხატეს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ინციდენტის პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერ სულეიმანოვი აცხადებს, რომ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი იყო, მოვიდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი, დაიწყო გინება ჩვენი მისამართით. მცირე ინციდენტი იყო. მოვიდა პოლიცია. ეს არის „ქართული ოცნების“ მეთოდი, ძალადობრივი მეთოდი. რვა წელია, ასე იგებენ არჩევნებს, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმაც და აღნიშნა, რომ პროვოკაცია მმართველ გუნდს ხელს არ აძლევს.

„მოსახლეობის ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ყველა სოფელში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არანაირი პროვოკაცია არ გვაწყობს. ეს ალბათ ცხადია. არც ერთი არჩევნების დროს ჩვენი მხრიდან პროვოკაცია არ ყოფილა. ერთ-ერთი, ვისაც აწყობს პროვოკაციები, არის „ნაციონალური მოძრაობა“; იცის, წაგებული აქვთ მარნეულში და არა მარტო მარნეულში, ქვეყნის მაშტაბით. აქედან გამომდინარე, ყველაფერს იყენებენ, პატარა პროვოკაცია მოაწყონ. სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ კიდევ ერთი მაგალითი ამ პროვოკაციის. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სტილში აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

ინციდენტში მონაწილე პირებს სამართალდამცველები კითხავენ.

„გარეთ მიმდინარე აქციის ფარგლებში ძალიან არასასიამოვნო ინციდენტები მოხდა. ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ჩემს თანამშრომელს და ხელს გვიშლიდნენ საოლქო კომისიას მუშაობაში. აპირებდნენ ჩვენთან შემოჭრას, რითიც მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პარალიზება. ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, ცოტნე ბოჭოიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც იკითხება სამართალდამცავების მიერ“, – განაცხადა საოლქოს თავმჯდომარე ანა ილურიძემ.

საოლქო საარჩევნო კომისიის შენობას ამჟამად პოლიცია იცავს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

დატოვე კომენტარი