მარნეულის მუნიციპალიტეტში ექსპორტიორებმა სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში ექსპორტიორებმა სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს ექსპორტიორებმა სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს.

მათი თქმით, ისინი შეიძენენ სასოფლო სამეურნეო პროდუქციას, რომლის ექსპორტსაც სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელებენ.

როგორც ექსპორტიორებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, შეთანხმება უკვე მიღწეულია და მუნიციპალიტეტიდან პროდუქტის გატანას რამდენიმე დღეში დაიწყებენ.

როგორც კომპანია „ჯეოტრანსის“ ექსპორტის მენეჯერმა, ლევან მამულაშვილმა განაცხადა, დიდი ხანია, რაც მარნეულიდან და ბოლნისიდან ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს „დესეთესა“ და წინა აზიის ქვეყნებში და დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ადგილზე გავეცანით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ადგილობრივ სამაცივრე მეურნეობას. ძალიან კარგი არის ეს, ამ ღონისძიების ორგანიზება, რადგან არ შეჩერდეს ის ბიზნესმოძრაობა და ბიზნესბრუნვა, რომელიც ჩვენი კომპანიების მიერ კარგა ხანია მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული ობიექტების გამართული მუშაობა ამ კორონავირუსის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი არის ასევე სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი ღონისძიებები, ის ერთი ფანჯრის პრინციპი მნიშვნელოვანი წესია, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ყველაფრის ორგანიზებას“, – განაცხადა ლევან მამულაშვილმა.

ექსპორტიორებს დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდნენ, რომლებმაც გარდა სამაცივრე მეურნეობისა, მარნეულის ღია აგრარული ბაზარიც დაათვალიერეს.