მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში წლის ბოლომდე ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყაჩაღანში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე.

თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დიდი სოფლები წარმოადგენს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი ცენტრი ყაჩაღანისა და მიმდებარე ექვსი სოფლის − თაქალოს, ხაჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოს, კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. ადგილობრივი მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს კომფორტულ გარემოში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების სწრაფად მიღებას. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს სოფლიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო „სკაიპის“ ოთახით.

ამასთან, საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით, სადაც მოსახლეობა შეხვედრების გამართვას შეძლებს. საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მისაღები ოთახებიც.

ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამა „მდგრადი განვითარების მიზნების“ (UNDP) მხარდაჭერით შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით. UNDP, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC) ორი საზოგადოებრივი ცენტრის (ყაჩაღანისა და ჭრებალოს) მშენებლობას აფინანსებენ. შესაბამის ხელშეკრულებას UNDP-მ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ხელი მოაწერეს 2019 წლის 26 თებერვალს.

ყაჩაღანის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგრომშენსერვისი“ აწარმოებს.

დატოვე კომენტარი