მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების ნაწილი პროდუქტებით დახმარებას, ნაწილი კი წალკაში, საძოვრებზე წასვლას მოითხოვდა.

ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი. აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ დარგალმა განაცხადა, რომ პროდუქტების დარიგება სოციალურად დაუცველებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება, გრძელდება.

რაც შეეხება წალკაში წასვლის მსურველებს, დარგალის ინფორმაციით, ამ ადამიანებს საქონლის საძოვარზე გადაყვანის უფლება აქვთ, თუმცა ორკვირიანი კარანტინის გავლის გარეშე სოფელში ჩასვლა და სხვა პირებთან კონტაქტი არ შეეძლებათ.

„მოქალაქეების ნაწილი, რომელიც აქციაზე მოვიდა, ითხოვს სოციალურ დახმარებას. თქვენ იცით, რომ ჩვენ 8 000-მდე მოქალაქეს უკვე დავეხმარეთ პროდუქტებით, ასევე 2 145-მა ბავშვმა მერიისგან მიიღო პროდუქტები. იცით, რომ განსაკუთრებული მიმართულებები გვაქვს, ვისაც ვეხმარებით, თუმცა არიან მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათაც ეკუთვნით ეს დახმარება, რაზეც ჩვენ მზად ვართ. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ უნდა ვიყოთ ყველა მოქალაქესთან და ასეც იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, აუცილებლად მიიღებს დახმარებას მერიის მხრიდან, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტი დიდია, მოქალაქეები მოდიან, ჩვენ ვწერთ ამ ყველაფერს და შესაბამისი რეაგირებაც იქნება.

ცხვრის გადარეკვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამაზეც იყო საუბარი თავიდან. შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებულია. 20 000-მდე ცხვარი, საქონელი გავიდა მარნეულიდან, მაგრამ ეს გასვლა ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ მიდის მთაში და არ აქვს შეხება მოქალაქეებთან. თუმცა, წალკის მცხოვრებლების თხოვნა არის, რომ დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში. სოფლებში დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ექნებათ კონტაქტი მოსახლეობასთან. აუცილებელია, რომ გაიარონ ორკვირიანი კარანტინი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

აქციაზე მივიდა დეპუტატი თამაზ ნავერიანიც, რომელიც მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.