მარნეულის მეორე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო
მარნეულის მეორე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო

სიტყვიერი დაპირისპირება იყო მარნეულის მეორე საარჩევნო უბანზე.

დაპირისპირება უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელ თამარ მეტრეველსა და საუბნო კომისიის წევრებს შორის მოხდა. კერძოდ თამარ მეტრეველის თქმით, მას საჩივრის ოქმის დაწერა სურდა, რადგან მაგიდები, რომლებზეც საარჩევნო სიები დევს და კომისიის წევრები სხედან, იმდენად მჭიდროდ დგას, რომ დამკვირვებლები მის უკან დადგომას ვერ ახერხებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლის განცხადებით, საჩივრის დაწერის საშუალება ორი საათის განმავლობაში არ ეძლეოდა. მოგვიანებით მან საჩივრის დაწერა მოახერხა, თუმცა ხმაურისთვის საუბნო კომისიის გადაწყვეტილებით უბნიდან გამოაძევეს.

მარნეულის მეორე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, გივი შაორშაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი დილიდან ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, რაზეც არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, საბოლოოდ კი კომისიამ მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი პროვოკაციულად იქცეოდა. ყველაფერზე იძლეოდა შენიშვნას. მაგალითად, კომისიის წევრი ერთ-ერთი ქალბატონი გახდა ცუდად და მთხოვა, გასულიყო გარეთ. ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა ატეხა ერთი ამბავი, თუ რატომ მივეცი ამის უფლება. არადა, ეს ქალბატონი იყო ყუთის დამკვირვებელი, რომელიც მე შევცვალე ცუდად გახდომის გამო. ამას მოჰყვა ეს ხმაური”, – განაცხადა მარნეულის მეორე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მაგიდები ფართის ეკონომიის გამო არის მიდგმული ერთმანეთთან, თუმცა ეს საარჩევნო პროცესს ხელს არ უშლის.

ხმაურისა და მეორე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტების დიდი რაოდენობით შესვლის გამო, საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერდა, რის გამოც უბნის ტერიტორიაზე სამართალდამცველები შევიდნენ და ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ჟურნალისტებთან ერთად დატოვა ტერიტორია თამარ მეტრეველმაც, რის შემდეგაც უბანზე ხმის მიცემის პროცედურა აღდგა.