მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო, რამაც საარჩევნო პროცესი შეაფერხა

მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, რამაც საარჩევნო პროცესი შეაფერხა.

დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის.

რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ შენიშნეს ადამიანი, რომელიც რამდენჯერმე ცდილობდა უბანზე შესვლას და ხმის მიცემას, რაც გააპროტესტეს. ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე მისული იყვნენ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სამმართველოს უფროსი.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მას საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღია.

მარნეულის სამმართველოს უფროსის განცხადებით, საჩივრის საფუძველზე საქმე 162-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. მან აქვე დაადასტურა, რომ ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაპირისპირების შემდეგ 48-ე საარჩევნო უბანი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან განაცხადა, პოლიციაში მიდიოდა, რათა მომხდარზე საჩივარი დაეწერა და ამასთან განაცხადა, რომ მის მუშაობას ხელს უბნის თავმჯდომარე უშლიდა.

ბრალდებების საპასუხოდ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანა ილურიძემ განაცხადა, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი გადაღების წესს არღვევდა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საარჩევნო უბანთან მშვიდი ვითარებაა.