მარკო ვულოვიჩი - მამუკელაშვილს ამერიკაში წასვლამდეც ეტყობოდა, რომ დიდ კალათბურთს ითამაშებდა #1TVSPORT
თბილისში, „ბრუკლინის საკალათბურთო აკადემიაში“ გაიმართა კემპი, რომელშიც 13-დან 18 წლამდე 60-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. ქართული აკადემიის ხელმძღვანელობამ ეს ღონისძიება სააგენტო PFS-Pro Futuro Sport-თან ერთად მოაწყო.
კემპსა და კომპანია PFS-თან თანამშრომლობაზე „ბრუკლინის აკადემიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ეტრეველი გვესაუბრება:
„2017 წელს გიორგი კოღუაშვილმა ამერიკაში დააარსა „ბრუკლინის საკალათბურთო აკადემია“. მე, გივიკო ბაქრაძე, გუგა პატარაია, გიორგი კოღუაშვილი ბავშვობის მეგობრები ვართ. პანდემიის დასაწყისში გიორგი საქართველოში იყო ჩამოსული და გადავწყვიტეთ ბრუკლინის აკადემიის თბილისში დაარსება.
პროფესიულ კარიერაში არაერთ ევროპულ კლუბში მითამაშია, 15 წელი იტალიაში გავატარე და აკადემიის შექმნით მომეცა საშუალება პატარებს გამოცდილება გავუზიარო. უმაღლეს დონეზე რომ ითამაშოს, ამისთვის საჭიროა ბავშვები რაღაც ეტაპზე საქართველოდან გავიდნენ და კარიერა უცხოეთში, მათთვის შესაბამის ადგილას განაგრძონ. ჩვენი ამოცანაა, რომ უცხოეთის კარგ გუნდში მოხვედრისას ჩვენი ბავშვები ყოველმხრივ მომზადებული იყვნენ, როგორც ფიზიკურად და ტექნიკურად, ასევე მენტალურად.
გიორგი კოღუაშვილი ამერიკაში კომპანია PFS-ის დახმარებით გაემგზავრა და მას შემდეგ კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. სააგენტო ევროპის არაერთ ქვეყანაში აწყობს კემპებს და სურვილი რომ გამოვთქვით, PFS-ის ხელმძღვანელობა სიამოვნებით ჩამოვიდა. ჩვენმა პარტნიორებმაც და მეც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დავინახეთ. შემდეგი ნაბიჯი იქნება მოთამაშეების ისე მომზადება, რომ ამ კომპანიის დახმარებით მოხვდნენ ამერიკის სასწავლებლებში, სადაც სრულ დაფინანსებას მიიღებენ“.
სააგენტო PFS-ის პრეზიდენტი მარკო ვულოვიჩი:
„ჩვენი კომპანია დაფუძნდა სერბეთში და მალევე მიიღო საერთაშორისო სტატუსი. მე-16 წელია სპორტული მენეჯმენტის ბიზნესში ვართ. მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში გვაქვს წარმომადგენლობა. არეალი, რომელშიც საქართველოა, ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ბევრს ვმუშაობთ რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. გადავწყვიტეთ, საქართველოში ჩვენი სერვისი მაღალ დონეზე ავიყვანოთ.
ევროპაში ბევრს არ ესმის, რამდენად კარგი სისტემაა ამერიკაში. იქ თუ გინდა კარგი სპორტსმენი გახდე, უნდა ისწავლო. ჩვენი კომპანია ეხმარება ახალგაზრდებს მოხვდნენ ამერიკულ სასწავლებლებში და მიიღონ მაქსიმალური დაფინანსება, რადგან ყველამ კარგად იცის, ოკეანის გაღმა სწავლა ძალიან ძვირია. ვეხმარებით არა მხოლოდ სპორტსმენებს, არამედ ყველას ვისაც ამერიკაში სწავლის სურვილი აქვს. სწორედ ამით გამოირჩევა ჩვენი კომპანია სხვა მსგავსი სააგენტოებისგან.
კარგი თანამშრომლობა შედგა სანდრო მამუკელაშვილთან, რომელიც იტალიური ბიელადან მონტვერდეს აკადემიაში გავუშვით. ის ძალიან ნიჭიერია და მიიღო სრული დაფინანსება. ეს იშვიათი შემთხვევა იყო, საამისოდ სუპერნიჭიერებაა საჭირო. ჩვენი ბავშვების უმეტესობა იღებს 50-80-პროცენტიან დაფინანსებას. ეს დამოკიდებულია სპორტულ მხარესა და მის ასაკზე.
მამუკელაშვილის აგენტი ჩვენი პარტნიორია და რამდენიმე წლის წინ გვთხოვა, ამერიკაში გვენახა სანდროსთვის შესაფერისი კოლეჯი. მონტვერდეს აკადემია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საკალათბურთო სასწავლებელია. მწვრთნელი კევინ ბოილი ჰაი სქულების ბოლო ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
სანდროს პირველი ვარჯიში რომ ვნახეთ, მაშინვე მივხვდით, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშებდა, მაგრამ წინასწარ ვერასოდეს იტყვი – ეს ბიჭი NBA-ში მოხვდება. საქართველოში ახლაც ბევრი ნიჭიერი პატარა ვნახეთ, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ სადამდე მიაღწევენ, მათზეა დამოკიდებული. მამუკელაშვილის შემთხვევაშიც გვჯეროდა, რომ დიდ კალათბურთს ითამაშებდა, თუმცა კოლეჯების ლიგაში კარგი თამაში და დრაფტის სიაში მოხვედრა დრაფტზე აყვანას არ ნიშნავს“.
სააგენტო PFS-ის აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრ სკრიაგინმა ქართველ ბავშვებზე ილაპარაკა:
„ორიოდე კვირის წინ კემპი ყაზახეთში ჩავატარეთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ კალათბურთი საქართველოში გაცილებით მაღალ დონეზეა. ყაზახეთთან შედარებით საქართველოში ბევრი ტანმაღალი და ნიჭიერი მოთამაშეა. ამის მიზეზი, ალბათ, ქართული კალათბურთის მდიდარი ისტორიაა. დღეს ის სპორტის ეროვნული სახეობაა.
შესაძლოა, ჩვენს კემპზე სხვადასხვა ასაკში საქართველოს საუკეთესო კალათბურთელები ვერ შევკრიბეთ, მაგრამ ვინც ვნახეთ, ყველამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვაწყობთ კემპებს სერბეთში, მონტენეგროში, რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში და გამოგიტყდებით, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველები არიან. მათ აქვთ შესაძლებლობა კარიერა ამერიკის კოლეჯების ლიგაში განაგრძონ, თუმცა კარგი გათვლებია საჭირო, როდის უნდა წავიდნენ, რომ დაგვიანებული არ იყოს“.