მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევის წინააღმდეგი არ არის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევის წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ რუბიომ ანტალიაში ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული კომენტარით რუბიომ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარე ნატო-ს სამიტზე ზელენსკის მიწვევის წინააღმდეგია.
„არ ვიცი, საიდან არის ასეთი ინფორმაცია“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბევრმა კოლეგამ დააყენა ზელენსკის მიწვევის საკითხი, რის წინააღმდეგაც აშშ არ გამოსულა.
ამასთან, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მოსალოდნელია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ოთხი სახელმწიფოს ლიდერების მონაწილეობა სამიტში. რუბიოს თქმით, ალიანსში, დიდი ხანია, არსებობს პრაქტიკა, მიიწვიონ იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც ნატო-ს წევრები არ არიან.
ნატო-ს სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისისთვის არის დაგეგმილი.