მარკო რუბიომ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და კანადის გეგმებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ უმნიშვნელო უწოდა - ამ ქვეყნებს არ აქვთ უნარი, შექმნან პალესტინის სახელმწიფო
მარკო რუბიომ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და კანადის გეგმებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ უმნიშვნელო უწოდა - ამ ქვეყნებს არ აქვთ უნარი, შექმნან პალესტინის სახელმწიფო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და კანადის გეგმებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ უმნიშვნელო უწოდა.

„ზოგიერთისთვის ეს გამაღიზიანებელია, მაგრამ უმნიშვნელოა. ეს არაფერს არ ნიშნავს“, – განაცხადა რუბიომ Fox News Radio-სთან საუბრისას.

ინტერვიუში მარკო რუბიომ სამი მთავარი არგუმენტი დაასახელა.

„უპირველესად, ამ ქვეყნებს არ აქვთ უნარი, შექმნან პალესტინის სახელმწიფო. პალესტინის სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ ისრაელი არ დაეთანხმება ამას; მეორეც, ისინი ვერც კი გეტყვიან, სად იქნება ეს პალესტინის სახელმწიფო. ვერ გეტყვიან, ვინ მართავს მას; მესამე, ეს კონტრპროდუქტიულია“, – აღნიშნა რუბიომ.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასს“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმისკენ წაახალისებს.